საიდუმლო რჩევა დეკემბერში: Kia Sportage
საიდუმლო რჩევა დეკემბერში: Kia Sportage
18.12.2018
მძაფრი დიზაინი, დაბალი ფასი, ხანგრძლივი გარანტია - Kia Sportage პირველივე შეხედვით ახდენს შთაბეჭდილებას. რა ხდება მერე? როგორია კორეელთა ბესტსელერი? "სპორტიჯით" საბადურის ტყეში გავისეირნეთ
"სპორტიჯი" კიას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფურცელია. აქტუალურმა მოდელი პირველად ფრანკფურტის 2015 წლის ავტოშოუზე გამოჩნდა და სრულიად ახალ პლატფორმაზე იყო აგებული - პლატფორმაზე, რომელიც პირველ რიგში წინამორბედზე მეტ კომფორტს გვპირდებოდა. სწორედ სვლის კომფორტი იყო ის, რასაც წინამორბედს ყველაზე ხშირად უწუნებდნენ. სხვამხრივ, წინა "სპორტიჯი" ყველანაირად შემდგარი მოდელი გახლდათ - განსაკუთრებით კი გამძლეობითა და უპრობლემობით გამოირჩეოდა.

Auto Bild

"ვეფხვის ცხვირი" - ასე
მოიხსენიებენ "კიაში" რადიატორის ახალ ცხაურას, რომლითაც კორეულ ბრენდში ყველა ამაყობს. ზოგადად, დიზაინი ამ მანქანის პირველი არგუმენტია და ამ მხრივ წინა "სპორტიჯიც" საკმაოზე მეტად ეფექტური იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მოდელის წარმატება დიდწილად სწორედ მისი გარეგნობითაა განპირობებული. ეს "ვეფხვის ცხვირი" განახლდა, "C-საყრდენი" ისევ განიერია, პროფილი კი - უფრო გამომწვევი, ვიდრე მანამდე იყო. მართალია, წინაც არ იყო უშნო, მაგრამ ავტომობილის უკანალი ახლა უფრო ელეგანტურად გამოიყურება, რადგან უკანა მაშუქები ნაკლებად აგრესიულია. წინ კი შუქდიოდური (LED) სანისლე ფარები ბრწყინავენ.

Auto Bild

დიზაინთან ერთად, ძალიან წონადი არგუმენტებია დაბალი ფასი და ხანგრძლივი
გარანტია. "კიას" თბილისის ცენტრში ახლა სრულ პაკეტზე აქციაა, რომლის ფარგლებშიც "სპორტიჯის" საწყისი ფასი 20 900 დოლარია. კომპაქტური ქროსოვერების უაღრესად პოპულარულ კლასში ეს ძალიან მიმზიდველი ფასია. და გარანტია? 5 წელი! 5 წელი, ან 150 000 კილომეტრი - საქართველოში ეს საუკეთესო შემოთავაზებაა.

"კია მოტორს ჯორჯიადან" გამოყვანილი "სპორტიჯით" საბადურის ტყისკენ ავიღეთ გეზი. ეს გახლდათ სატესტო მოდელი საუკეთესო, GT Line კომპლექტაციით, 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და ბენზინის 2,4-ლიტრიანი ძრავით, რომელსაც 184 ცხენის ძალა აქვს. თავიდანვე ვთქვათ, რომ "სპორტიჯისთვის" ეს საკმარისზე მეტი სიმძლავრეა. თანაც, ეს აგრეგატი ნამდვილად არ არის ხარბი (საშუალო წვა 8,5 ლიტრი 100 კმ-ზე).

Auto Bild

პირველივე კილომეტრებზე გამოჩნდა, რომ "კიამ" "სპორტიჯი" მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. პირველ რიგში ეს საკიდარს ეხება, რომელიც საგრძნობლად დარბილდა და გაცილებით კომფორტული გახდა. უფრო გრძელი შასი არა მარტო მეტ ტევადობას ნიშნავს, არამედ ამით სავალი ნაწილიც სარგებლობს, რომელიც გზის ზედაპირზე ტალღებს უკეთ უმკლავდება და თვლების გრძელი ბაზის დამსახურებით, მოკლე დარტყმებსაც უკეთ იღებს.

მართალია, მოხვევის სისტემა სპორტული და ძალზე მგრძნობიარე არ არის, მაგრამ ზუსტი და სოლიდურია. ვინც მოსახვევში ზედმეტად სწრაფად შევა, არასაკმარის მობრუნებადობას იგრძნობს - წინა ბორბლები რადიუსის გაზრდას მოისურვებენ. მაგრამ ამ დროს ESP საქმეში ერთვება და სიტუაციას მანამდე აგვარებს, სანამ საქმე სერიოზულად იქნება. ძალიანაც კარგი, რადგან "კია სპორტიჯი" ისეთი ავტომობილია, რომელშიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსახვევებში ცელქობა.

Auto Bild

თუმცა მანქანას მაინც აქვს Sport რეჟიმი, რომლის დროსაც "სპორტიჯი" მაქსიმალურად ცდილობს, სახელი გაამართლოს. უფრო საინტერესო კი უდავოდ ECO რეჟიმია, რომელიც ქალაქში არასდროს უნდა გამორთო. Sport კი, შეგიძლია, ხანდახან ჩართო - მაგალითად, ისეთ ადგილებში, როგორიც საბადურის ტყეა.

Auto Bild

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა სახელწოდებაშივე ურევია, "სპორტიჯისგან" მაინცდამაინც სპორტულ სვლას არც არავინ ითხოვს. სამაგიეროდ, მოეთხოვება ტევადობა და პრაქტიკულობა. ამ მხრივ ყველაფერი შესანიშნავადაა - ახალი მოდელი წინამორბედზე 4 სანტიმეტრით გრძელია, ღერძები ერთმანეთისგან 3 სანტიმეტრით უფრო დაშორებულია, რის გამოც უკანა სავარძელზე ოდნავ მეტი სივრცეა ფეხებისთვის. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ კორეელებმა უკანა სავარძლის წინ, იატაკი სამნახევარი სანტიმეტრით ჩაარღმავეს. თავს ზემოთ კი ფაქტობრივად იგივე სივრცეა, რაც წინამორბედ მოდელში. სამაგიეროდ, გაიზარდა საბარგული, რომლის მინიმალური მოცულობა ახლა 38 ლიტრით მეტია, მაქსიმალური კი - 139 ლიტრით მეტი.

Auto Bild

ინტერიერში ახლა უფრო ხარისხიანი მასალებია გამოყენებული. ფაქტია, რომ "კიამ" სალონი უფრო ლამაზად მოაწყო და უკეთესადაც შეასრულა. თანაც, GT Line კომპლექტაციაში ისეთი მნიშვნელობანი დამატებითი ოფციებია, როგორებიცაა უკანა ხედვის კამერა, მუხრუჭის ასისტენტი, ტყავის სავარძლები, ქრომირებული დეტალები, ნავიგაციის სისტემა 8-დუიმიანი ეკრანით და ა.შ. სავარძლები გათბობისა და გაგრილების ფუნქციებითაა წარმოდგენილი, რაც ამ სეგმეტში საკმაოდ უჩვეულო და იშვიათი მოვლენაა. მულტიფუნქციური საჭე და ღილაკით დაქოქვის ფუნქცია კი უკვე ამ კლასშიც ჩვეულებრივი ამბავია.

Auto Bild

ყველაზე კარგი ამბავი ბოლოს: "საახალწლოდ, "კია მოტორს ჯორჯია" მთელს სამოდელო რიგზე დამატებით ფასდაკლებას გთავაზობთ. მათ შორის, "სპორტიჯი" უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი "კიაა" - ფასისა და ხარისხის შეფარდებით.

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად