ჩინელები აღარ ხუმრობენ! ძვირფასი ჩინური ყველგანმავლის პირველი გამოცდა
ჩინელები აღარ ხუმრობენ! ძვირფასი ჩინური ყველგანმავლის პირველი გამოცდა
09.11.2015
3-დღიანი ტესტ-დრაივისთვის საჭირო საბუთებს ვაფორმებდით, როცა Haval-ის შოურუმში ორი შუახნის მამაკაცი შემოვიდა. გაბრწყინებული სახეები ჰქონდათ, ეტყობოდათ, რომ შოურუმში შემოსვლა სპონტანურად გადაწყვიტეს - გარედან მანქანები ძალიან კარგად ჩანს და დაინტერესდნენ.

”რა ღირს ეს მანქანა?” - პირდაპირ ყველაზე დიდს, Haval H9-ს მიადგნენ.
”34 000 დოლარი,” - გაისმა გაყიდვების მენეჯერი გოგონას პასუხი.
”ჰმ... და ვინ უშვებს ამ მანქანებს?” - როგორც ჩანს, ფასმა მათზე დიდად არ იმოქმედა, რადგან ერთი ”ჰმ-ს” მერე მაშინვე მომდევნო კითხვაზე გადავიდნენ.
”ჩინეთი, ბატონო...”
- გოგონას ხმაში მოკრძალება იგრძნობოდა.
”ჩინეთიო? აუფ...” - გულმა რეჩხი უყო პირველს, თუმცა თვალიერებას მაინც განაგრძობდა, მაგრამ მეორემ მაშინვე დაწნეხა: ”წავედით, კაცო! რა ჩინეთი?”
”თუ დრო გაქვთ, კარგად ნახეთ, ტესტ-დრაივზე გაიყვანეთ. სრული კომპლექტაციითაა...” - დაიწყო გოგონამ, მაგრამ იმ მეორემ სიტყვა გააწყვეტინა.
”წავედით, წავედით, კაცო...”
”5-წლიანი გარანტია...” - ბოლო იმედის ფრაზა ისროლა გოგონამ, მაგრამ არც ამან გაჭრა.
”წავედით, მეთქი!” - წავიდნენ.

Auto Bild

”არ მიკვირს! თქვენ გიკვირთ?” - მივუბრუნდი Haval-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორს, ალიონას, რომელიც უკრაინიდანაა და ”ჰავალამდე”, კიევში ”ფერარის” მარკეტინგისა და PR-ის უფროსი იყო...

”არც მე მიკვირს, - მომიგო ალიონამ, - მაგრამ ჩვენ
სტერეოტიპები უნდა დავამსხვრიოთ! აი, წაიყვანეთ მანქანა, როგორც გინდათ, სადაც გინდათ, იქ გატესტეთ და მერე ვილაპარაკოთ!”

”ოკეი!” - ვთქვი და გავიფიქრე: ”სტერეოტიპების დამსხვრევა ასე იოლი რომ იყოს...” და წამოვედი - ყველაზე დიდი ”ჰავალით”, ყველაზე ძვირფასი ჩინური ყველგანმავლით, რომლის პრესრელიზებში ამაყად წერია: HAVAL – No. 1 SUV brand in China (ჰავალი - ნომერ პირველი SUV ჩინეთში).

ეს უკვე სასაცილო აღარაა!

სალამი, AUTO BILD-ის მკითხველებო! დიახ, ეს ჩინური მანქანაა. ჩინური ყველგანმავალი ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ არა უცნაური სახელწოდებით. არანაირი ”გუანგ ჯონგ ბუნგი” და ამისთანები, მას ”ჰავალი” ჰქვია, უფრო ზუსტად, Haval H9. ჰო, არც მე გამოვრიცხავ, რომ დამფუძნებლები ”ჰამერის” ფანები იყვნენ. ისე კი, ”ჰავალი” უკვე ნაცნობი ჩინური ბრენდის, Great Wall-ის პრემიუმ-ვერსიაა. ოჰო? ოჰო! როგორც ”ნისანს” ჰყავს ”ინფინიტი”, ან ”ტოიოტას” ”ლექსუსი”, დაახლოებით ეგრეა Great Wall-ისა და Haval-ის საქმეც.

Auto Bild

გეცინებათ? თავიდან მეც მეცინებოდა - ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი ჩინური ავტომობილის შემთხვევაში, მაგრამ როგორც კი საჭესთან მოვთავსდი, ღიმილი სახეზე შემაშრა: ასე კარგად შესრულებული ინტერიერი ჩინურ ავტომობილში პირველად ვნახე! გამოვედი თბილისის ქუჩებში და... გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: ”ჰავალი” ყურადღების ცენტრშია! მიყურებენ, მანქანას აკვირდებიან, გზასაც მითმობენ. დიღმის მასივში თვალსაჩინო ადგილზე გავჩერდი, გადმოვედი და იქვე დავიწყე მანქანის დეტალური დათვალიერება - მაინტერესებდა, რამდენი ადამიანი დაინტერესდებოდა ”ჰავალით”.

ერთი, მეორე, მესამე... რამდენიმე წუთის შემდეგ 10-12 კაცი ერთდროულად მისვამდა შეკითხვებს. დასმული კითხვების გამოცნობა არ გაგიჭირდებათ, ხოლო რაც შეეხება მათ დასკვნებს: ”ჩინელები ნახე რა!” ”სერიოზული მანქანა ჩანს, მაგრამ რა იქნება 3-4 წლის შემდეგ?” ”ეს რო იყიდო, 3 წელიწადში მესამედ ფასშიც ვერ გაყიდი, 5-6 წლის შემდეგ კი შეიძლება საერთოდ ვეღარ გაყიდო!” ”საინტერესოა, რამდენად გამძლეა.” ”ჩინელები აღარ ხუმრობენ, არა?”

Auto Bild

დიახ, დიახ, ჩინელები აღარ ხუმრობენ! ყოველ შემთხვევაში, იმ სამი დღის განმავლობაში, როცა ამ ”ჰავალით” სტეფანწმინდა, დარიალის ხეობა, გერგეთი, მთიულეთი და კახეთი მოვიარე, პირადად მე ერთადერთხელ გამეცინა და ისიც მაშინ, როცა პირველად გავაღე მანქანა ღამით და კარის გვერდით, ასფალტზე წითელი წარწერა HAVAL გამოისახა. განათება, რომელიც ამას აკეთებს, გარეთა სარკის ქვემოთაა და როცა კარს დახურავ, წარწერა მანქანის ქვემოთ შედის. ხომ დეტალია, მაგრამ საინტერესო. ცოტა სასაცილოც.

Auto BildAuto Bild

განათება ვახსენეთ და აქვე ვთქვათ ”ჰავალის” LED-განათებების შესახებაც. უკანა მაშუქებში მხოლოდ უკუსვლის და მოხვევის განათებაა ნათურები, სტოპ-მაშუქები და ღამის განათება კი LED-ებია... შევისწავლე ინტერიერი, საბარგული, სალონის სივრცეები, გადაკვრა, მასალები და აქა-იქ ბევრი ვაკაკუნე, თუ ცოტა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ხარისხიან ჩინურ მანქანას პირველად ვხედავ. და როგორ ჰგავს ”პრადოს”?! დიახ, სწორედ ”ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს”! 34 000 დოლარი? რა თქმა უნდა, ბევრია. ძალიან ბევრიც კი ჩინური ბრენდისთვის, მაგრამ სტერეოტიპების დამსხვრევა უნდათ. არადა, ამ ფულით შეგიძლია შეიძინო ახალი Nissan Pathfinder, ან ახალი Mitsubishi Pajero და თვით ”პრადოს” ფასი ჩვენთან უკვე 32 000 დოლარიდან იწყება. ანუ, ”პრადოს” საბაზო ვერსია სრული კომპლექტაციის მქონე Haval H9-ზე 2 000 დოლარით იაფია.

Auto Bild

ჩინური ავტოწარმოების ახალი სავიზიტო ბარათი

მივხვდი, რაშიცაა საქმე: ჩინელებისთვის Haval H9 ახალი სავიზიტო ბარათია. ამ მანქანით მათ იმის ჩვენება და დამტკიცება სურთ, რომ ავტოწარმოების ახალ საფეხურზე აინაცვლეს. და კლასის ლიდერებთან კონკურენციის აღარ ეშინიათ. H9-ის ფასმა, რა თქმა უნდა, მეც დამძაბა, მაგრამ თითოეული კილომეტრის შემდეგ მატულობდა პატივისცემის განცდა ამ ავტომობილისადმი. პირველი ორი დღე ჩემს ბალტიისპირელ კოლეგებთან ერთად ვიმოგზაურე - Haval H9 ჩემთან ერთად ლიტვური AUTO BILD-ის რედაქტორმა, ესტონური WHAT CAR-ის რედაქტორმა და ბალტიისპირეთში ”ჰონდას” მთავარმა იმპორტიორმა გატესტეს. ევროპაში Haval ჯერ არ იყიდება და ძალიან იყვნენ დაინტერესებულები. ლიტველი და ესტონელი მრავლისმნახველი ავტოჟურნალისტები გაოცებას ვერ მალავდნენ - ასეთი სერიოზული ჩინური მანქანა არ გვინახავს, რეალურად კარგი ტიპიაო. ”ჰონდას” ბალტიისპირელი შეფი კი დუმდა...

Auto Bild
Auto BildAuto Bild
Auto Bild

მუშაობს... ყველაფერი მუშაობს!

მართლაც უცნაურია განცდა, როცა ზიხარ ან მართავ ჩინურ მანქანას და ხვდები, რომ ეს არაა იაფფასიანი ჩინური პროდუქტი. ნამდვილი ალუმინი, ხარისხიანი მასალები, სოლიდური დამუშავება, ტყავი, სასიამოვნო ატმოსფერო და ყელამდე სივრცე ინტერიერში. ასევე მულტიმედია, რომელიც მუშაობს, თან კარგად მუშაობს. ჩინური სუნიც კი არ იგრძნობა! კარგი ერგონომიკა, არანაირი სერიოზული შეცდომები, ხილვადობაც გამორჩეული. აი, უკანა ხედვის კამერის გამოსახულებას კი ეკრანზე უკეთესი გრაფიკა არ აწყენდა. სამაგიეროდ, აუდიოსისტემის ჟღერადობაა შესანიშნავი. სავარძლების ელექტრორეგულირება დამახსოვრების ფუნქციით, ადაპტირებადი მაშუქები, ლუქი, სამზონიანი კლიმატკონტროლი... გავაგრძელო?

Auto Bild

სავარძლების მეორე რიგში მშვენივრად ზიხარ, სივრცე საკმარისზე მეტია. საზურგე 60:40-ზე იყოფა. აქვეა ხელის ჩამოსადები, კლიმატკონტროლს უკან მსხდომნიც მართავენ, მათ განკარგულებაშია ინდივიდუალური განათება სენსორული მართვით! და სენსორულია მესამე რიგის ინდივიდუალური განათებაც! მართალია, მესამე რიგში შეძრომა პრობლემურია და ისე ვიწროდ ზიხარ, რომ მუხლები მკერდზე უნდა მიიბჯინო, მაგრამ ამ კლასის რომელ ავტომობილში არაა ასე? ჰო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა: ეკრანები უკან მსხდომთათვის. და მუშაობს. ყველაფერი მშვენივრად მუშაობს!

Auto Bild

როგორ დადის

ახლა, რაც შეეხება სვლას. Haval H9 გზაში ამერიკულ ყველგანმავლებს მოგაგონებთ. მსუბუქი საჭე და მოხვევის რბილი სისტემა - გათვლილი კომფორტზე და არა დინამიკაზე. მანქანა ძალიან რბილად დადის და ამასთან ერთად, დაკიდება კარგად იტანს დარტყმებს. კომფორტი, ხალხო! ყველგანმავალში ასეთი მიდგომის აბსოლუტური სრულყოფილებისთვის მხოლოდ 8-ცილინდრიანი ძრავა მაკლია. სამწუხაროა, რომ კაპოტის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ 4-ცილინდრიანი აგრეგატი მუშაობს. მხოლოდ და მხოლოდ 2-ლიტრიანი. მართალია, ტურბოდამბერით, მაგრამ მაინც: ამხელა მანქანისთვის არაა საკმარისი. 218 ცხენის ძალა ცუდი არ არის, მაგრამ მეტია საჭირო. ტრასაზე და ავტობანზე გასწრებაზე გასვლისას იგრძნობა ეს უკმარისობა. კარგად უნდა გათვალო ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩემმა მეგობარმა თენგიზ კანდელაკმა თქვა, ესეც მიჩვევაზეა. ჩინელები პირობას დებენ, რომ უფრო მძლავრ აგრეგატს ჩაუდგამენ. მანამდე კი ეს ძრავა გვაქვს, რომელიც არაა მოპარული ან ნაყიდი - მთლიანად თვითონ Haval-ში დაამუშავეს. თუ მსუბუქად მიადგამ, პრობლემა არ არის - ავტომობილი თავდაჯერებულად ჩქარდება, მაგრამ როცა ბოლომდე ჩააჭერ, იმის მერე აღარაფერია - H9 უფრო სწრაფად ვერ ჩქარდება. ერთი სიტყვით, 100 კმ/სთ-მდე სადღაც 10 წამში ვჩქარდებით.

Auto Bild

ZF-ის 6-საფეხურიანი ავტომატიკა იდეალურად სწრაფი ვერ არის, მაგრამ როგორც კი სპორტული რეჟიმი ჩავრთეთ (”ჰავალს” ესეც აქვს!), ყველაფერი დალაგდა და H9-მ უფრო ხალისიანად განაგრძო გზა. სპორტული რეჟიმი ვახსენეთ და აქვე ვთქვათ დანარჩენებზეც: ავტომატურ რეჟიმში H9 ყველაფერს თვითონ არეგულირებს და, სხვათა შორის, აქვს ეკო-რეჟიმიც, რომელიც ქალაქში გამოდგება, რადგან საწვავის ხარჯი მოლოდინისამებრ მაღალია (ქალაქში 20 ლიტრი, ტრასაზე 12, საშუალო - 15). უგზოობის არსენალშია დამადაბლებელი გადაცემა, ასევე თოვლის, ტალახის და ქვიშის რეჟიმები. მსუბუქ და საშუალო დონის უგზოობას Haval H9 უპრობლემოდ უსწორდება და თანაც, არ კარგავს კომფორტულობას.

Auto Bild

ვიყავით გერგეთზე, მოვიარეთ სტეფანწმინდა, მთიულეთი, კახეთი, უღელტეხილები საშუალო და ცოტათი მძიმე უგზოობით და სერიოზული ნაკლი ვერ ვიპოვნეთ. იმ ორ მამაკაცსაც ვურჩევდი, გატესტონ. თუ არ შეიძენენ, იმაში მაინც დარწმუნდებიან, რომ Haval H9 მისი წარმოშობის გაგებისთანავე ზურგის შექცევას არ იმსახურებდა.
Auto Bild

დასკვნა
ეს უკვე სხვა საქმეა: ჩინელებს მართლაც სერიოზული ავტომობილი გამოუვიდათ. ეს არის მანქანა, რომლის შედარება იაპონურ და კორეულ კონკურენტებთან შეიძლება. ერთი ეგაა, რომ ”ჰავალი” (ჯერ) არ არის ბრენდი, მაგრამ არც Huawei იყო ბრენდი თავის დროზე. ფაქტია, რომ გამოირჩევა ყველა სხვა ჩინური მარკისგან და 5-წლიანი გარანტიაც უკვე არგუმენტია. კარგი იქნებოდა უფრო მძლავრი ძრავა და ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ ავტომობილის ხანგრძლივი ტესტი, რადგან, გარდა იმისა, რომ ”ჰავალი” უცხო ხილია, არც ის ვიცით, როგორ მდგომარეობაში იქნება ეს მანქანა, მაგალითად, 60-80 000 კილომეტრის გავლის შემდეგ. ჩვენ მხოლოდ 1000 კილომეტრი გავიარეთ.
შალვა ბუაჩიძე

Auto Bild

ტექნიკური მონაცემები: Haval H9
ძრავა: 2-ლიტრიანი; ცილინდრები: 4-ცილინდრიანი; მოცულობა: 1967 სმ3; სიმძლავრე: 218 ცხენის ძალა; ბრუნის მომენტი: 324 ნმ/2000-4000 ბრ/წთ; გადაცემათა კოლოფი: 6-საფ. ავტომატიკა (ZF); ამძრაობა: სრული (4WD); საწვავის ხარჯი: 20/13/15 ლიტრი 100 კმ-ზე; რეკომენდებული საწვავი: პრემიუმი (95); ეკოლოგიური ნორმა: ევრო 5; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4856/1926/1900 მმ; ბაზა: 2800 მმ; საბარგულის მოცულობა: 112-1457 ლიტრი; კლირენსი: 206 მმ.
ფასი (Haval-ის თბილისის ცენტრში): 34 000 აშშ დოლარი
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild


გაიცანით ახალი Land Cruiser 200 V8
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად