მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
09.12.2013
6 წელიწადში: დაწვა 29 000 ლიტრი ბენზინი, ჩავასხით 93 ლიტრი ზეთი, 8-ჯერ გამოვცვალეთ საბურავები
300 000 კილომეტრი გაიარა და მაინც არაა დაღლილი
მანქანა მარადისობისთვის

AUTO BILD-ის ხანგრძლივი ტესტი 100 000-კილომეტრიანია ხოლმე, რის შემდეგაც მანქანას ვშლით და მასზე რეცენზიას ვწერთ, მაგრამ ერთგულ მკითხველებს ეხსომებათ, რომ ამ ”C-კლასის” შემთხვევაში ტესტის გახანგრძლივება გადავწყვიტეთ. ”მერსედესის” მოკრძალებული სედანი 200 000 კილომეტრის შემდეგაც იმდენად კარგ ფორმაში იყო, რომ კიდევ ერთ ხანგრძლივ ტესტზე წავედით და ახლა უკვე 300 000 კილომეტრი აქვს გავლილი. დასაშლელად ისევ გვეცოდება. ახლა მხოლოდ ის
გვაინტერესებს, სადამდე ივლის, როდის გაჩერდება

Auto Bild
ჩვენს თეთრ ”C-კლასს” არაერთ ხიდზე გადაუვლია, მაგრამ არცერთი არ იყო ისეთი შთამბეჭდავი, როგორც Pont de l’Artuby, დუ ვერდონის გრან კანიონზე

სალონში უკვე სუნი დგას. არც ისე მძაფრი, რომ ვერ ავიტანოთ, მაგრამ მაინც სუნი. არც რძე დაგვიქცევია და არც საჭმლის ნარჩენები დაგვიტოვებია - ეს ასაკთან ერთად მოსული სუნია. ჟურნალისტისთვის, რომელსაც დადებითი ცნობების გავრცელებას უარყოფითი ცნობების გავრცელება ურჩევნია, ეს სუნი დიახაც მისწრებაა იმ ფონზე, რომ უკვე მთელი მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი ”C-კლასის” ნეკროლოგს ჯერ
კიდევ არ გთავაზობთ. მანქანა დადის. დარბის. არ ჩერდება. რედაქციაში კი უკვე მართლა სერიოზულად გვეჩვენება, რომ ეს სამარადისო ავტომობილია.

”მერსედესის” მოკრძალებულ სედანს, რომელიც AUTO BILD-მა ექვსი წლის ინ ინკოგნიტოდ შეიძინა, ზუსტად 301 800 კილომეტრი აქვს გავლილი. სწორედ ამდენს მიჩვენებს გარბენის ელექტრონული მაჩვენებელი, რომლის ჩამოყრა შემაძრწუნებლად ადვილია. შეაერთებ კომპიუტერს და ცაკ... რამდენსაც გინდა, იმდენს დაუწერ! AUTO BILD-ის ერთგულ მკითხველებს ისიც ეხსომებათ, რომ ორი წლის წინათ, სექტემბერში, სწორედ ეს მანქანა მივუყვანეთ ინტერნეტში ნაპოვნ ჩამომყრელს და ჩვენი თვალით ვნახეთ, რაოდენ მარტივად ყრიან გარბენს. შესაბამისი სტატიაც წაკითხული გექნებათ - მაშინ იმ ტიპს 140 000 კილომეტრი ჩამოვაყრევინეთ და ”C-კლასი” რამდენიმე წამში 6 000 ევროთი გაძვირდა. მაგრამ ამჟამინდელი გარბენი ზუსტია (იმ ტიპს მაშინვე რეალური გარბენის დაბრუნება ვთხოვეთ), რასაც ის უამრავი ბლოკნოტი ადასტურებს, რაც ამ მანქანას მოყვება და სადაც AUTO BILD-ის მტესტავები წლების მანძილზე, ყოველდღიურად ახალ-ახალ ჩანაწერებს აკეთებდნენ.

Auto Bild
თეთრი ”ბენცი” ვერც თოვლმა და სიცივემ შეაჩერა, რაც Pirelli-სა და Bridgestone-ის ხარისხიანი ზამთრის საბურავების დამსახურებაცაა

ჩანაწერებში კრიტიკას იშვიათად შეხვდებით. მეტიც: ავტორები მანქანას ხშირად სიყვარულსაც კი უხსნიან. ”აბსოლუტურად შიშველი C 180 ყოველდღიური მოხმარებისთვის სავსებით საკმარისია და მფლობელს გააბედნიერებს,” - წერს მაგალითად ტესტ-რედაქტორი ანდრეას ბორხმანი მე-100 000 კილომეტრის შემდეგ 42-ე ბლოკნოტში. ეს ჩანაწერი 2009 წლის 16 ოქტომბერსაა გაკეთებული. მანქანა მართლაც შიშველია, რასაც ჯერ კიდევ ქარხნული, ფოლადის დისკები და 195/60 R 16'' საბურავებიც მოწმობს. ინტერიერში ”მერსედესისთვის” ყველაზე დაბალფასიანი, შავი კოკპიტი დომინირებს, საჭეზე კი ისეთი ღილაკებია, ბაზრობაზეც რომ შეიძლება წააწყდეთ.

ერთადერთი ექსტრა-ოპცია Audio 50 APS-ია, პატარა ნავიგაცია, რომელიც მაშინ 1856 ევროდ ვიყიდეთ და რომელსაც ჩემი კოლეგები ყოველთვის ლანძღავდნენ იმის გამო, რომ მათ არაერთხელ აურია გზა-კვალი. AUTO BILD-ის ყველაზე ასაკოვანი ავტორი იოახიმ ვალტერი თავის 30 წლის სამაგიდო გლობუსს გაცილებით უკეთეს ნავიგაციად მიიჩნევს, ვიდრე ამ ხელსაწყოს, რაც უფრო პოლონეთის ერთ-ერთ დიდ აუქციონზე, იაფად ნაყიდი CD-ის ბრალია. 214 187-ე კილომეტრზე კი მოთმინების ფიალა აგვევსო და ახალი CD ჩავდეთ, მაგრამ ნავიგაციას ამანაც ვერ უშველა დიდად. იმ კოლეგები, რომლებსაც ნავიგაციის აპლიკაცია სმარტფონებში აქვთ, რა თქმა უნდა, არ უნერვიულიათ.

დროთა განვავლობაში ამ ”C-კლასის” მიმართ თვით ისეთ კოლეგებსაც კი გაუჩნდათ სიმპათიები, რომლებიც პირადად ”მერსედესის” კონკურენტ ბრენდებს ამჯობინებენ. მაგალითად, BMW-ს ფანი მარიო პუკშეჩი 245 497-ე კილომეტრზე წერს: ”შესანიშნავად დადის. მაჩვენებელზე 150 000 კილომეტრით ნაკლებიც რომ ეწეროს, დავიჯერებდი!”

Auto Bild
ტურ დე ფრანსის მონაწილეები ამ გზას ვერ იტანენ, ”C-კლასს” კი პრობლემები, რა თქმა უნდა, არ შეექმნა: უკან 1912 მეტრზე შემდგარ Mont Ventoux-ს ხედავთ

თეთრი ”C-კლასი” მართლაც ღირსეულად ბერდება. თუმცა ამ 6 წელიწადში ამ მანქანისადმი, შესაძლოა, ზედმეტად თბილადაც კი განვეწყვეთ და დროა, პრობლემებზეც ვთქვათ. პრობლემები, რა თქმა უნდა, იყო, რაც ლოგიკურია, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მანქანამ დედამიწას დაახლოებით 7,5-ჯერ შემოუარა.209 883-ე კილომეტრზე აქსელერაციის სატერფული შევცვალეთ, საიდანაც, დაახლოებით 2000 კილომეტრის შემდეგ, გვარიანად დიდი ქვის მოხვედრის შემდეგ, ახალი საქარე მინაც დაგვჭირდა, რაც 710 ევრო დაგვიჯდა. რედაქციის ბიუჯეტი განსაკუთრებით ახალმა, სამგზიანმა კატალიზატორმა აზარალა, რომელიც 1760 ევრო და 48 ცენტი ღირდა. კატალიზატორის გამოცვლა 270 598 კილომეტრის გავლის შემდეგ გახდა საჭირო. ამასთან სამუხრუჭე სისტემის განახლების ხარჯი (850 ევრო) თითქმის სასაცილოა. 240 000 კილომეტრის შემდეგ კომპიუტერმა უსაფრთხოების ბალიშების სისტემაში შეცდომა შეგვატყობინა, თუმცა ეს კონტაქტის ბრალი აღმოჩნდა.

Mercedes 190-ის (W201) რეალური შემცვლელის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო კი ჯერაც არ გაგვიმჟღავნებია. თუკი პირველ ”C-კლასს” (W 202) და მის შემცვლელ 203-ს კოროზიის დაახლოებით ისეთივე პრობლემები ჰქონდათ, როგორც მათ უფროს ძმას, ”E-კლასს” (W 210), ჩვენი გმირი (204) ამ მხრივ 6 წლისა და 300 000 კილომეტრის გავლის შემდეგ სოლიდურად გამოიყურება. იატაკი, საბურავის თაღების შიდა კედლები, კარების კანტები - ყველაფერი სუფთაა!
Auto Bildსამაგიეროდ, ეს ავტომობილი ნათურებთან ვერ მეგობრობს. C 180 K ნათურებს ისე ჭამს, თითქოს მართლა ამით იკვებებოდეს. მინიმუმ 20 ნათურა აქვს გამოცვლილი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა ზარმაცმა კოლეგებმა რამდენიმე არც მიათვალეს ან, სათვალავი აერიათ. მიზეზი, თუ რატომ ანადგურებს მანქანა ნათურებს, ჩვენთვისაც კი გაურკვეველია. ამ ფენომენს ამომწურავად ვერც ექსპერტები ხსნიან. საბედნიეროდ, Xenon-ზე უარის თქმა და მაშუქში ნათურის გამოცვლა ძალიან ადვილია. თუმცა ჩვენს გმირს ყველაზე დიდი მადა იქ აქვს, სადაც შეუიარაღებელი ხელით ვერ მიუდგები. ძრავის შიგნით, მუხლა ლილვს, კომპრესორს და სხვა დეტალებს მუდმივად ზეთი სწყურიათ.

ზეთის ჭამა C-კლასმა სადღაც 100 000 კილომეტრის შემდეგ დაიწყო და ამ დროისთვის, ანუ, 300 000 კილომეტრის შემდეგ ყოველ 1000 კილომეტრზე დაახლოებით ერთ მესამედ ლიტრ ზეთს იმატებს. ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ მოუმატებს. რაც შეეხება ციფრებს: 207 000 კილომეტრის შემდეგ 39 ლიტრი ზეთი იყო, 301 800 კილომეტრის შემდეგ კი 93 ლიტრია დამატებული. ცხადია, რომ მოვა დრო, როცა ჩვენს ”C-კლასს” ძრავის ზეთის ჩასხმა უფრო ხშირად დასჭირდება, ვიდრე ბენზინისა. რაც შეეხება საწვავის ხარჯს: 100 000 კილომეტრის შემდეგ 100 კილომეტრზე საშუალოდ 9,9 ლიტრს საწვავს მოიხმარდა, ახლა კი საწვავის ხარჯი შემცირდა და 100 კილომეტრზე საშუალოდ 9,6 ლიტრია.

ერთი საიდუმლო დაგვრჩა გასამხელი: 156 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილ ”ბენცს” ძალა მოემატა! 300 000 კილომეტრის შემდეგ ძრავის სიმძლავრე 3,5 კილოვატით გაიზარდა. ანუ, თითქმის 5 ცხენის ძალა მოემატა. ტესტ-რედაქტორი ბოზო ფურკესის ჩანაწერი სწორედ შესაბამისი, ამ დროისთვის საბოლოო აკორდია: ”ტოპ-მანქანაა, გულს არავის არაფერზე დაწყვეტს.”

მერე რა, რომ ახალი მანქანის სუნი აღარ ასდის და, როგორც რედაქტორი კრისტიან შტაიგერი ამბობს, მის სალონში უფრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სუნი ტრიალებს - ჯერ კიდევ არ გვაქვს იმის მიზეზი, რომ დავშალოთ. მომდევნო გაჩერება: 400 000 კილომეტრი.

დასკვნა
”მერსედესი” ძალიან ძვირადღირებული ბრენდია და რით უნდა მიიზიდოს პრაქტიკულად მოაზროვნე კლიენტურა, თუ არა გამძლეობით? 300 000 კილომეტრი მანქანისთვის უკვე საკმაოდ ბევრია და თანაც, მოკალი და დაღლა არ ეტყობა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გავუკეთეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ბალანსი პოზიტიურია და რაც ყველაზე საინტერესოა, გაგრძელება იქნება...
კ. ალმშტადტი
მ. კლანგვალდი


დიაგნოსტიკები

დეტალურ შემოწმებაზე ჩვენი ”ბენცი” ორჯერ მივიყვანეთ. 100 000 კილომეტრის შემდეგ DEKRA-ს და AUTO BILD-ის ერთობლივი დასკვნა ასე ჟღერდა: ”ეს მართლაც ”მერსედესისთვის” დამახასიათებელი ხარისხია.” 200 000 კილომეტრის შემდეგაც დაახლოებით ასეთივე შედეგი მივიღეთ: ”მანქანა ჯერ კიდევ ფორმაშია!” აგვისტოში, DEKRA-ს სერვის-ცენტრს კიდევ ერთხელ მივაკითხეთ - ამჯერად უკვე 301 800-კილომეტრიანი გარბენით. DEKRA-ს ექსპერტი ანტონ შმიდტი და ”მერსედესის” ტექნიკოსი გერჰარდ კირხერი მოუთმენლად გველოდებოდნენ.

Auto Bild
DEKRA-ს ექსპერტი ანტონ შმიდტი და AUTO BILD-ის ავტორი მანფრედ კლანგვალდი 4-ცილინდრიანი ძრავას შიგნიდან ენდოსკოპით ათვალიერებენ

პირველი შთაბეჭდილება: გარეგნულად მანქანა ძალიან კარგად გამოიყურება. გარეცხვის შემდეგ ”C-კლასს” ასაკი და, განსაკუთრებით ამხელა გარბენი არ ეტყობა. სამაგიეროდ, კაპოტის ახდისა და რამდენიმე დამცავის მოშორების შემდეგ სიბერე უკვე თვალნათვლივ ჩანს. გაგრილების სისტემაში ჰაერის შლანგი დეფექტიანია. ძრავისა და გადაცემათა კოლოფის კედლებზე ზეთია, რაც ნამდვილად არაა კარგი ნიშანი, მაგრამ საბედნიეროდ, საქმე მხოლოდ იმაშია, რომ სარქველის სახურავი აპარებს. სხვამხრივ, ყველაფერი წესრიგშია. ძრავის ”ოფლიანობა” ზეთის ხშირი დაკლების ბრალია - მაღალი ბრუნების დროს ოფლიანობას კომპრესორი იწვევს. ჩვეულებრივი რეაქციაა: სადაც ბევრი უნდა დაამატო, იქ ბევრიც გამოდის. ზოგადად კი ”ბენცი” კარგადაა დაკონსერვებული. ”დერეფნების” ენდოსკოპით დათვალიერებამაც მშვენიერი შედეგი მოგვცა. ერთი სიტყვით, ეს ”C-კლასი” ”მერსედესის” სახელს ამართლებს.

Auto Bild
ჰაერის შლანგი დეფექტიანია, მაგრამ ცუდად არაფერზე უმოქმედია. სახსარზე ჟანგი მხოლოდ ზედაპირულია. შიდა კედლებზე ჟანგი არ ჩანს

Auto Bild

რა შევაკეთეთ

206 438 კმ, 529,34 ევრო: შევცვალეთ გადამრთველი (მინათმწმენდი/ციმციმა)Auto Bild

209 883 კმ, 295,76 ევრო: გამოვცვალეთ აქსელერატორი

211 772 კმ, 710 ევრო: ქვის მოხვედრის შემდეგ შევცვალეთ საქარე მინა

214 187 კმ, 14,89 ევრო: საღამოს განათების მარცხენა ნათურა

240 894 კმ: კომპიუტერმა უსაფრთხოების ბალიშების პრობლემა შეგვატყობინა. მიზეზი კონტაქტი აღმოჩნდა, რომელიც არ შეგვიცვლია და კომპიუტერიც აღარ გვაფრთხილებს.

255 157 კმ, 267,44 ევრო: გამოვცვალეთ საქარე მინაზე წყლის შესასხამი

261 161 კმ 850,52 ევრო: განვაახლეთ სამუხრუჭე სისტემა და შევცვალეთ სტოპ-მაშუქების ნათურები

270 598 კმ 1760,48 ევრო: შევცვალეთ კატალიზატორი და ლამბდაზონდებიAuto Bild

284 888 კმ 20,30 ევრო: შევცვალეთ რამდენიმე ნათურა

286 172 კმ 434,62 ევრო: გამოვცვალეთ მაშუქების რეგულატორი და ჩამრთველები, განვაახლეთ ძრავის კომპიუტერი

289 874 კმ 267,44 ევრო: კიდევ ერთხელ შევცვალეთ საქარე მინაზე წყლის შესასხამი

295 987 კმ 12,99 ევრო: შევცვალეთ საღამოს განათების მარჯვენა ნათურა


ტექნიკური მონაცემები

ძრავა: 4-ცილ, Kompressor
სარქველები/გამ. ლილვი: ცილინდრზე 4/2
მოცულობა 1796 სმ3
კვ (ცხ. ძ.) ბრ/წთ 115 (156)/5200
ბრუნის მომენტი 230/2500
მაქს. სიჩქარე 223 კმ/სთ
ნორმა, გამონაბოლქვი Euro 4 – 182 გ/კმ
ტრანსმისია/ამძრაობა 6-საფ./უკანა
ავზის მოცულობა/რეკ. საწვავი 66 ლ/Super
საბარგულის მოცულობა 475 ლ.
წონა/ტვირთამწეობა 1555/415 კგ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო ჩვენი Mercedes C180-ის შესახებ:
Fatal error: require_once(): Cannot redeclare class shortener in /var/www/html/www.autobild.ge/templates/default/html/com_content/article/default.php on line 406