სულ სხვა კოროლა
სულ სხვა კოროლა
28.11.2013
ახალი "ტოიოტა კოროლა": რევოლუცია და ევოლუცია იაპონურად

ახალი ”კოროლა” საშინლად გამოიყურება! არც პრაქტიკულია, არც კომფორტული და მართვადობაც არ უვარგა... ჭკუიდან შევიშალე? არა, უბრალოდ ვხუმრობ. მაგრამ ის, რაც ზემოთ დავწერე, მართალიც რომ იყოს, ასე მგონია, ახალ ”კოროლაზე” მაინც დიდი მოთხოვნა იქნებოდა. იმიტომ, რომ ”ტოიოტაა”.

”ტოიოტას” ცენტრმა ახალი ”კოროლას” პრეზენტაციისთვის რუსთავის ავტოდრომი შეარჩია - ადგილი, სადაც ავტომობილი ვერცერთ ნაკლს ვერ დამალავს. ორი აზრი არ არსებობს: ავტოდრომზე ”ტოიოტა კოროლას” არაფერი ესაქმება, მაგრამ იაპონელების ვაჟკაცობაზე ხომ ბევრი რამ გსმენიათ? ჰოდა, თამამად შეარჩიეს ტრეკი, სადაც
მხოლოდ სპორტული ავტომობილები გრძნობენ თავს ისე, როგორც თევზები წყალში.

დინამიკური სილუეტი, ქრომირებული დეტალების სიმრავლე, შუქ-დიოდური განათება... ეს ის ”კოროლა” აღარ არის! ახალი მოდელი წინამორბედზე 75 მილიმეტრით გრძელი და 15 მილიმეტრით განიერია. რაც ყველაზე საინტერესოა, ბოლო 12 წლის განმავლობაში იაპონელებმა პირველად გადაწყვიტეს ბაზის გაზრდა და თანაც, მთელი 100 მილიმეტრით, 2700 მილიმეტრამდე გაზარდეს. შესაბამისად, სალონის უკანა ნაწილში ახლა უკვე გაცილებით მეტ სივრცეს გვთავაზობს და უფრო მეტიც: თავის კლასში ამ მხრივ ერთ-ერთი ლიდერია.

Auto Bild
სულ სხვა ატმოსფერო სალონში: ახალი ”კოროლას” თანამედროვე ინტერიერი სტარტ-ღილაკით
და უკანა პარკირების კამერით


Auto Bild

რევოლუცია დიზანსა და ბაზას შეეხო, სხვა დანარჩენში კი, ახალმა ”კოროლამ” ევოლუცია განიცადა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად დახვეწილ და თანამედროვე სტილთან შესაბამისობაში მოყვანილ ინტერიერს ეხება. გამოყენებული მასალების ძირითადი ნაწილი ისევ პლასტმასისაა, მაგრამ გაცილებით უკეთ გამოიყურება. ღილაკების, ჩამრთველებისა და გადამრთველების განლაგება კი წინა ”კოროლაშიც” აზრიანი და პრაქტიკული იყო და ინსტრუმენტები ახალშიც მარტივად ხელმისაწვდომია. სავარძლები გაცილებით მოსახერხებელია და წინამორბედზე 10 მილიმეტრით ღრმადაა განთავსებული, რამაც ჩაჯდომა/გადმოსვლის კომფორტიც გააუმჯობესა.
Auto Bildსიმძიმის ცენტრმა ოდნავ დაბლა დაიწია, წონაში კი, იაპონურმა სედანმა 20-50 კილოგრამით დაიკლო, რაც საწვავის ხარჯის შემცირებაზე უნდა აისახოს. მომავალში ”კოროლას” უფრო დეტალურად გავტესტავთ და საწვავის ზუსტ ხარჯზეც მერე ვისაუბროთ. თუმცა წინამორბედზე მეტი ეკონომიურობა არა მარტო შედარებითმა სიმსუბუქემ, არამედ ახალმა ტრანსმისიამაც უნდა უზრუნველყოს - ძველი, 4-საფეხურიანი ავტომატიკა ახალმა, ვარიატორულმა Multidrive S-მა შეცვალა, რომელიც 7 ფიქსირებულ საფეხურს მწყობრად და დროულად რთავს.
ამ ტრანსმისიაზე მაინცდამაინც ტრეკზე ჩატარებული გამოცდით არ უნდა ვიმსჯელოთ, რადგან იაპონელმა ინჟინრებმა აქცენტი კომფორტზე გააკეთეს - ”კოროლათი” რუსთავის ავტოდრომზე ხომ ალბათ არავინ ”იფრენს”. ტრეკის მკვეთრ მოსახვევებში ”კოროლა” ცუდად ნამდვილად არ იქცეოდა, მაგრამ იქ მაინც არაა მისი ადგილი. ხოლო ქალაქში და ავტობანზე კი Multidrive S კომფორტის გარანტიაა. მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, სასიამოვნო სიახლეა ის, რომ იაპონელებმა ახალი ”კოროლა” სპორტული რეჟიმით აღჭურვეს. მართალია, ამ რეჟიმში ძრავაც ზედმეტად დაძაბულია და ვარიატორიც აგვიანებს, მაგრამ თავის შერცხვენაზე ლაპარაკი მაინც ზედმეტია - ასეთი სპორტული ნიჭი ”კოროლას” კლიენტურისთვის სავსებით საკმარისია.

რაც შეეხება ძრავებს: ”ტოიოტას” ცენტრში ახალი ”კოროლა” ბენზინის ნაცნობი აგრეგატებით, 1,3-ლიტრიანი (99 ცხენის ძალა) და 1,6-ლიტრიანი (121 ცხენის ძალა) ძრავებითაა ხელმისაწვდომი. ”კოროლას” ყველაზე იაფი ვერსია 1,3-ლიტრიანი ძრავით (1329 სმ3) და გადაცემათა მექანიკური კოლოფით 16 300 დოლარი ღირს - თამამად ვიტყვი, რომ ეს ვერსია ფასთან შესაბამისობის კრიტერიუმს ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს.

ფასთან შესაბამისობის კრიტერიუმში ყველა ”ტოიოტა” კარგია, მაგრამ მაინც: Multidrive S-ით და სხვა უამრავი თანამედროვე სისტემით აღჭურვილი ტოპ-ვერსიის (1,6-ლიტრიანი ძრავა) ფასი 23 100 დოლარამდე ადის. რაც მთავარია, კონკურენტებისგან განსხვავებით, ”კოროლას” ფასი ყველაზე ნაკლებად აკლდება - სამწლიანი მოხმარების შემდეგ მისი ფასი დაახლოებით 11 პროცენტით იკლებს. ეს მაშინ, როცა მთავარი კონკურენტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 17-20 პროცენტია. ალბათ ამიტომაც ჰყავს თავის კლასში ყველაზე ლოიალური მომხმარებლები: ”კოროლას” მფლობელების 44% ახალი მოდელის გამოსვლის შემდეგ ისევ ”კოროლას” ყიდულობს.

Auto Bild
რა შედარებაა - ახალმა ”კოროლამ” წინამორბედი მოდელი მაგრად დაჩრდილა

დასკვნა
ვიზუალურად ეს უკვე მართლაც სულ სხვა ”კოროლაა”. წინამორბედზე გაცილებით მიმზიდველი დიზაინი აქვს, სალონში - მეტი სივრცე, უკეთესი ხილვადობა და უკეთ შეფუთული მასალები. პირველ რიგში კომფორტულია და კლასის კვალობაზე საკმაოდ დინამიკურიც. ეს ყველაფერი უკვე ხუმრობის გარეშე.
შალვა ბუაჩიძე

ტექნიკური მონაცემები
Toyota Corolla 1.33

ძრავა: 4-ცილინდრიანი
ძრავის მოცულობა: 1329 სმ3
სიმძლავრე: 99 ცხ. ძ.
გადაცემათა კოლოფი: 6-საფ. მექანიკა
საბარგულის მოცულობა: 452 ლ.
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4620/1775/1465 მმ
საწვავის ავზი: 55 ლიტრი
ფასი*: 16 300 დოლარიდან
გარანტია: 3 წელი ან 100 000 კმ

* მოცემულია საბაზო ვერსიის მონაცემები და ფასი
Fatal error: require_once(): Cannot redeclare class shortener in /var/www/html/www.autobild.ge/templates/default/html/com_content/article/default.php on line 406