Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
25.05.2018
GLK-მ ხანგრძლივ ტესტზე თავი ისე წარმოაჩინა, როგორც ძველი სკოლის ”მერსედესს” შეეფერება. 100 000 კილომეტრი მან კომფორტულად და თითქმის უპრობლემოდ დაფარა, მაგრამ ბოლოს, ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე, ბრწყინვალე გამოსვლა წყლის ტუმბომ ჩაუმწარა

შეცდომა ბოლო აკორდში
Auto Bild
სად აღარ ვატარეთ Mercedes GLK, ამ შემთხვევაში კი, დრეზდენის ოპერის წინ დგას

...და აი, ისიც! ისევ აინთო ყვითელი მაჩვენებელი, რომელიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. ”გაგრილების საშუალება დასამატებელია,” - ასე ჟღერს ამ ნიშნის ბრძანება. ნიშნისა, რომელიც არც ერთ გამოცდილ მძღოლს არ გამოეპარება. თუ სწრაფადვე არ დაამატებ, ძრავას სიკვდილის
საფრთხე დაემუქრება. რა თქმა უნდა, ასეც მოვიქცევით, მაგრამ განა ახლახან არ დავამატეთ? თანაც, სულ რაღაც 500 კილომეტრის წინ. ნამდვილად ის იქნება...

...”მისი უდიდებულესობა” წყლის ტუმბო! რა თქმა უნდა, ის არის. თანაც, ხანგრძლივი ტესტის ბოლო კილომეტრებზე წამოყო თავი და Mercedes GLK-ს პრობლემა გაუჩინა. არადა აქამდე აბსოლუტურად უპრობლემოდ მოვედით. ახლა კი, როცა ფინიშამდე ცოტაღა დარჩა, გაჩნდა პრობლემა, რომელსაც ნამდვილად აღარ ველოდით. ასე რომ, არანაირი ”ჰეფი ენდი”, მეგობრებო, და თანაც ეს მარტო ამ GLK-ს პრობლემა არ არის - მომხმარებლების წერილებიდანაც ჩანს, რომ წყლის ტუმბო სხვა GLK-ების პრობლემაცაა.

Auto Bild
ხელის
შემშლელი ფაქტორი ზედ ფინიშის წინ: წყლის ტუმბო მარტო ამ ეგზემპლარის პრობლემა არაა


სამაგიეროდ, თითქმის განუმეორებელი იყო ამ ”ბენცის” ფერი: ბრწყინვალე წითელი, რომლითაც შტუტგარტელებს ბევრი GLK ნამდვილად არ შეუღებავთ - ამ მანქანის მსურველთა აბსოლუტური უმრავლესობა შავ ან ნაცრისფერ, დიზელისძრავიან GLK-ს (თითქმის 98 პროცენტი) ირჩევს და თანაც, სრული ამძრაობით (80 პროცენტი).

ასე რომ, ფერით არა, მაგრამ ჩვენი GLK 220 CDI 4Matic მის მსურველთა გემოვნებას ტექნიკურად მაინც აკმაყოფილებს. ისეთი დამატებითი აღჭურვილობით, როგორიცაა ავტომატიკა, ნავიგაცია ან პარკტრონიკი, სატესტო ეგზემპლარი 54 770 ევრო დაგვიჯდა და არც ესაა იშვიათი ვერსია, რადგან GLK-ს მყიდველები დამატებით ოპციებს ხარბად ეტანებიან.

Auto Bild
ცოტაოდენი თოვლი 4Matic-ისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. GLK-ს სრული ამძრაობა უფრო რთულ უგზოობაზეც ჩემპიონია. ზამთარში მშვენიერი ავტომობილია, რადგან კარგი გაწევა და მძლავრი CDI ძრავა აქვს

ეს კი საკმაოდ ბევრი ფულია კომპაქტური SUV-ისთვის, თუმცაღა ისეთისთვის, რომელიც ასეთ წოდებას იმსახურებს. საქმე ისაა, რომ GLK თავისი კანტებით, კუთხოვანი ფორმებითა და ციცაბო საქარე მინით დიდად განსხვავდება იმ ჩამრგვალებული კომპაქტური ქროსოვერებისგან, რომლებიც დღეს ასე პოპულარულ კლასს წარმოადგენენ. ”GLK-ში გრძელდება ის, რაც სხვა ამ კლასის ავტომობილში მთავრდება,” - ჩაუნიშნავს AUTO BILD-ის თანამშრომელ კარლ-აუგუსტ ალმშტადტს მანქანის წიგნაკში. მკვეთრი ხაზები და კანტები, რამაც GLK-ს შემთხვევაში ”G-კლასთან” ახლო ნათესაური კავშირი უნდა დაადასტუროს, კომპაქტური SUV-ების სეგმენტში მოდური თითქმის არასდროს ყოფილა, რასაც თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ BMW X3 და Audi Q5 უკეთესად იყიდებოდა და იყიდება.

სამაგიეროდ, ორი აზრის არსებობა დაუშვებელია GLK-ს პრაქტიკულ უპირატესობების კუთხით. მისი მგზავრები მანქანაში კომფორტულად ჩასხდებიან, მაღლა მოთავსდებიან და სავარძლებში თავს ჰარმონიულად იგრძნობენ. ეს მანქანა კარგი ხარისხის ფეხსაცმელს ჰგავსო, ჩაუწერია ჩვენი არქივის თანამშრომელ ვილი კოკს, რომელმაც GLK-ს 100 000-დან 1200 კილომეტრი გაატარა...

Auto Bild
GLK-ს დაკიდება საკმაოდ დაჭიმულია, რის გამოც ავტომობილი საკმაოდ მანევრული და სხარტია. ასაკოვანი მძღოლები მეტ კომფორტს ისურვებდნენ

GLK უფრო კომპაქტურია, ვიდრე გარედან ჩანს: ”ბენცი” ავტობანის საცობის ორმეტრიანი სიგანის მქონე გასასვლელებშიც სხარტად დაძვრებოდა და, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, იმ 60 მძღოლიდან, ვისაც ამ მანქანის ტარებამ მოუწია, წიგნაკში არც ერთს არ აღუნიშნავს ის ფაქტი, რომ GLK-ს სალონის სიგანე, სივრცე და საბარგულის მოცულობა BMW X3-ისაზე ნაკლებია. ორი ვარიანტია: ან ამის აღნიშვნა საჭიროდ არ მიიჩნიეს, ანაც ვერ შეამჩნიეს.

სამაგიეროდ, რამდენიმემ აღნიშნა ის ფაქტი, რომ სავარძლები იოლად ისვრება; კლიმატკონტროლისა და გათბობის ღილაკები ზედმეტად ქვემოთაა განთავსებული და დიდ ყინვაში დიზელის აგრეგატზე მომუშავე ეს ”ბენცი” გათბობას, დიახაც, აგვიანებს. ეს კი კარგი სულაც არ არის, რადგან როცა გამოვიდა, GLK ზამთრის შესანიშნავ ავტომობილად მიიჩნეოდა. რატომ? იმიტომ, რომ თოვლსა და მოყინულ გზაზე 4Matic თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებდა და GLK-ს სისტემები უგზოობის პირობებშიც კონკურებტების დამხმარე სისტემებზე უკეთ მუშაობდნენ. GLK-მ არაერთ შედარებით ტესტში დაამტკიცა, რომ ნებისმიერ უშუალო კონკურენტზე უკეთესი ყველგანმავალი იყო. საუკეთესო გაწევითა და მძლავრი ძრავით ”მერსედესი” იქაც აღწევდა, სადაც მისვლა კომპაქტურ ქროსოვერს ოცნებაშიც არ მოეთხოვება.

Auto Bild
საბარგული იმხელაა (450-1550 ლიტრი), რამხელაც ”C-კლასის” კომბიში. მისი რაფა საკმაოდ ღრმაა, რაც ბარგის ჩალაგებას აადვილებს. ტვირთამწეობა 578 კილოგრამია

სამაგიეროდ, მტესტავების აზრები ორად გაიყო ძრავისა და გადაცემათა კოლოფის თაობაზე. დიზელის 2,2-ლიტრიანი აგრეგატი, აკუსტიკური თვალსაზრისით, ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ, ჩანაწერების მიხედვით, იდეალურ ძრავად ვერ მოვიხსენიებთ. ის ფაქტი, რომ CDI ყინვაში დაქოქვისთანავე მოსალოდნელზე მაღალ ბრუნებს იჭერდა, ხელს მეორე პრობლემასთან თანამშრომლობისას გვიშლიდა: 7-საფეხურიანი ავტომატიკა გადაცემებს არასდროს რთავდა ისე რბილად, ისე უმწიკვლოდ და, ასე ვთქვათ, ისე პრემიალურად, როგორც ამას ”მერსედესისგან” მოველით. შუქნიშანზე ყოველთვის სჭირდებოდა დამატებითი წამი, აჩქარებისას მუდმივად ძაბავდა ძრავას - ეს მტესტავთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა. 53 418 კილომეტრის შემდეგ გადაცემათა კოლოფის ზეთი გამოვცვალეთ და 78 210-ე კილომეტრზე ამძრავი გახდა დასარეგულირებელი.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ GLK-ს დროული ფეისლიფტი ჩაუტარეს. მას მერე, ”მერსედესის” მოზრდილი ლოგო მის ცხაურას ამშვენებს და დიზაინერებმა მას კიჩოც შეუცვალეს. კოკპიტზე ახლა უკვე რბილად დამუშავებული პლასტმასის ლანდშაფტი იშლება, დიდი ეკრანი აქვს და ”C-კლასის” თანამედროვე დამხმარე სისტემებიც მიიღო.

Auto Bild
გრძელ გზაზე GLK ”მერსედესისთვის” დამახასიათებელი პლუსებით გასიამოვნებთ: კარგი გადაკვრა, სხარტი ძრავა და მოგზაურობა სტრესის გარეშე

GLK-ს დაკიდება უმეტესად ყველას მოსწონდა. ძირითადად კომფორტს უქებდნენ, თუმცა ზოგიერთმა მტესტავმა ვარირებადი ამორტიზატორები ინატრა. აი, სწორედ ასე და ამგვარად, ყოველგვარი სერიოზული პრობლემის გარეშე გაიარა GLK-მ 93 330 კილომეტრი, მერე კი პირველად აინთო ის ყვითელი მაჩვენებელი, რომელზეც სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ. მერე კიდევ აინთო. კიდევ და ხშირად ინთებოდა. მიუხედავად ჩამატებისა, გაგრილების სისტემა რეგულარულად ითხოვდა სითხეს.

წესით, პროფილაქტიკაში უნდა წავსულიყავით, მაგრამ ტესტის ფინიში ახლოვდებოდა და გადავწყვიტეთ, საქმე ბოლომდე მიგვეყვანა და ავტომობილის დაშლისას თავად გვენახა ყველაფერი. გაჩენილი პრობლემები წყლის ტუმბოს ბრალი გახლდათ, რომელიც გარანტიის გარეშე 550 ევრო დაგვიჯდებოდა. ჩვენ ის არ გამოგვიცვლია და ფული დავზოგეთ, შეფასებისას კი GLK-ს ვერ დავზოგავთ. შედეგად: ორიანი პლუსით 6-ბალიან სისტემაში, სადაც 1 საუკეთესო ნიშანია, 6 კი ყველაზე უარესი. ეს საკმაოდ ნორმალური შედეგია, მაგრამ ისეთი მანქანისთვის, რომელიც 93 330 კილომეტრამდე აბსოლუტურად უშეცდომო იყო, გულდასაწყვეტი ფინიშია.

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild
მოქმედებს შეფასების გერმანული სტანდარტი: საუკეთესო ნიშანი არის 1, ყველაზე ცუდი - 6.


დაგვენანა, მაგრამ მაინც დავშალეთ და...

ეს ბენცი კულისებს მიღმაც სოლიდურია!

Auto Bild

1. სავარძლები ლაზათიანად გამოიყურება. ჯდომის კომფორტი კარგია. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლის სავარძელს უდიდესი ჯაფა დაადგა, ორწლიანი უწყვეტი მოხმარების შემდეგ მაინც თითქმის ახალივითაა.

2. წყლის არხები საქარე მინის ქვეშ ჭუჭყითა და ფოთლებით მალე ივსება. ეს ადგილები ხშირად უნდა ასუფთავოთ, რათა თავიდან აიცილოთ ის, რაც მანქანასა და მის მფლობელებს ყველაზე მეტად არ უყვართ - ჟანგი.

3. წინა სამუხრუჭე დისკოები დემონტაჟის შემდეგ ჯერ კიდევ ნორჩად და ქორფად გამოიყურება, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან სულ რაღაც 22 000 კილომეტრის წინ გამოვცვალეთ.

4. თანამედროვე დიზელისძრავიან ”მერსედესებს” ინჟექტორებს ხშირად უკრიტიკებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში ჩვენ საკრიტიკო ვერაფერი აღმოვაჩინეთ - ფრქვევანებს არ გავუწვალებივართ.

5. კომპლექსური, 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მთლიანად დავშალეთ. მისი კორპუსი ზოგიერთი მცირელიტრაჟიანი ავტომობილის ძრავაზე დიდია.

6. აქ უკვე ახალი წყლის ტუმბო დევს. Mercedes GLK-ს არ გაუმართლა - რომ არა ეს პრობლემა, შტუტგარტელთა კომპაქტური ქროსოვერი ტესტის ბოლოს საუკეთესი შეფასებას (1+) დაიმსახურებდა.

7. გამოსაბოლქვი სისტემა ორი დიდი მაყუჩით. ამის გამოცვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა სისტემას ორმა სუსხიანმა და მარილიანმა ზამთრმა ვერაფერი დააკლო.

რაც თვალში მოგვხვდა

Auto Bild
წყლის ტუმბოს პრობლემის გამო, სითხემ გარეთ გამოაღწია და ძრავის ნაწილები მწვანედ შეღება

Auto Bild
დამცავი სამუხლე ბზარებისა და ნაპრალების გარეშე. კომპლიმენტები! თუ არ ჩავთვლით ერთ პატარა, ულამაზო ადგილს

Auto Bild
არაფერი სერიოზული: ამორტიზატორს საღებავი ასძვრა

Auto Bild
არანაირი ზედმეტი ნადები და კოროზია ზღურბლებსა და კოჭებზე

Auto Bild
არც ცვეთის ნიშნები წვის კამერებში. ძრავას არ ეტყობა, რომ მანქანას 100 000 კილომეტრი აქვს გავლილი

რა შევაკეთეთ

53 418 კმ 335,42 ევრო - გამოვცვალეთ გადაცემათა კოლოფის ზეთი.

78 210 კმ 603,26 ევრო - შევცვალეთ წინა სამუხრუჭე დისკოები და ხუნდები. ტექნიკურად განახლდა ამძრავის მიმმართველი.

93 330 კმ-დან გარანტია - რამდენჯერმე დააკლდა გაგრილების სითხე. რომ არა გარანტია, წყლის ტუმბოს გამოცვლა 547 ევრო დაგვიჯდებოდა.

აი, რას ამბობს მწარმოებელი
მერსედესის ოფიციალური კომენტარი

...დეფექტიანი ტუმბოს შესახებ: ამ პრობლემით არაერთმა კლიენტმა მოგვმართა. წყლის ტუმბოს პრობლემა, მართლაც, არცთუ იშვიათია და ჩვენ GLK-ს ყველა მფლობელს უფასოდ გამოვუცვალეთ. 2012 წლიდან კი, GLK-ს გაცილებით მკვრივი ტუმბოებით ვაწარმოებთ.

რას ირჩევენ მყიდველები

ძრავა: 98% დიზელი; გად. კოლოფი: 90% ავტომატიკა; ამძრაობა: 80% 4Matic


საიმედოობის რეიტინგი

AUTO BILD ხანგრძლივ, 100 000-კილომეტრიან ტესტებს 2000 წლიდან ატარებს და მას შემდეგ არსებობს ჩვენი საიმედოობის რეიტინგიც, რომელშიც უკვე 100 ავტომობილია თავმოყრილი. სრული რეიტინგი შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე: www.autobild.de/dauertest

Auto Bild
DEKRA-ს ექსპერტები გიუნტერ შილე და გერჰარდ კირხერი Mercedes GLK-ს ძრავას ათვალიერებენ

იხილეთ AUTO BILD TV-ის ვიდეო Mercedes GLK-ს შესახებ

Fatal error: require_once(): Cannot redeclare class shortener in /var/www/html/www.autobild.ge/templates/default/html/com_content/article/default.php on line 406